ბრონქსური ისტორია
ოქროსუბნურად
– მამა, გააქვს ეს ფილმი ნანახი? – მკითხა ტელევიზორის წინ ხალიჩაზე წამოწოლილმა გიომ და თავქვეშ ამოიდო ხელები.
ოთახში ბნელოდა, ეკრანიდან წამოსული თეთრი შუქი ირიბად ეცემოდა იატაკზე. გიოს სახეს ვერ ვხედავდი, მარტო გადაჯვარედინებული ფეხები, მუხლებზე გაცრეცილი ჯინსები და ლურჯი, თეთრცხივირიანი კედები მოჩანდა.
– მაგარი კინოა, თან ძაან, – ისე ამაყად გააგრძელა გიომ, რომ დამაინტერესა.
ტახტზე ვიყავი წამოწოლილი, გვერდი ვიცვალე და ტელევიზორისკენ გადმოვბრუნდი.
ეკრანზე ჯერ STUDIო ჩანალ-ი დაიწერა, მერე ლურჯ და ყვითელ ბურთულებს შორის FOCUS FEATURES ამოტივტივდა, შემდეგ შავ ფონზე SAVოყ პIჩთუღეშ და ჩაბნელებული ტელევიზორიდან ოთახში, ძველი, ტკბილი სიმღერა გაისმა; უუუუუ-უ-უუუუუუუუუ-უუუუუ, – მღეროდნენ დაბალ ხმაზე. გამოჩნდა შავი ცა, ჰორიზონტზე გაწოლილი სქელი შინდისფერი ხაზი, მაღლიდან გადაღებული ღამისგან აბდღვრიალებული ქალაქი და ძალიან ნაცნობმა ხმამ მოყოლა დაიწყო:
„ეს ბრონქსის რაიონი ფორთჰემია, ჩემი სახლი, ის ცალკე სამყაროა. აქედან შეიძლება რაიონის ნებისმიერ ადგილას თხუთმეტ წუთში მოხვდე, მაგრამ ისინი მაინც თითქოსდა სამი ათასი მილითაა აქაურობისგან დაშორებული...1960 ყველაზე მოდური ცეკვა ქუჩაში დუ-ობი-ა“.
გამეღიმა. აბა, სასაცილო არ არის, შვილი რომ „ბრონქსულ ამბავზე“ გეუბნება, ნანახი გაქვსო?
– ეს ის ხო არ არი, დე ნირო ავტობუსის შოფერი როა? – გავეხუმრე გიოს.
ხალიჩაზე გაწოლილი, გადაჯვარედინებული ფეხები შეირხნენ.
– ნანახი გაქვს?
– ღადაობ, ტო? – კითხვითვე ვუპასუხე მე, ხელით მოვძებნე წვრილი იარა მარჯვენა წარბის ზემოთ და უკეთ მოვეწყე ტახტზე.
* * *
– აუ, დედის მტყვნელი კინოა, – ამბობს ზურიკო, სიგარეტს ურტყამს ნაფაზს და მარისკენ აპარებს თვალს. მარი რკინის კიბეზე ზის, ეწევა და ჩვენ გვიყურებს, შეღებილი ცეცხლისფერი თმა მხრებზე სცემს.
მარი ახალია ჩვენს კლასში, ორი კვირის წინ გადმოვიდა და ეგრევე მაგრად დავძმაკაცდით. ერთადერთი გოგოა, რომელიც ჩვენთან, ბიჭებთან, ერთად ეწევა, იგინება და გაკვეთილებსაც ერთად ვაცდენთ.
ახლა გეომეტრია გვაქვს. სკოლის უკანა ეზოში ვართ და იმ რკინის დაჟანგულ ძველ კიბეზე ვსხედვართ, სუროსავით რომ ასცოცებია ქვის კედელს და ხანძრის შემთხვევაში რომ უნდა გამოიყენოს სკოლამ. ეს კიბე საუკეთესო ადგილია დასამალად, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გვერდიდან აქვს სკოლას მიდგმული და არც ერთი ფანჯრიდან არ ჩანს, მეორე კიდევ იმიტომ, რომ, თუ რომელიმე მასწავლებელი ეზოში გამოვიდა შესამოწმებლად, შორიდანვე დაინახავ და გასაქცევად დრო გექნება. ან იმ მაღალ კედელზე უნდა გადაძვრე, ქუჩაზე რომ გადის, ან ისევ სკოლაში უნდა შებრუნდე. თუ მასწავლებელი მარცხნიდან მოდის, მაშინ მარჯვნიდან შეხვალ სკოლის შენობაში, გაივლი ბნელ ტალანს და ბუფეტთან აღმოჩნდები, საიდანაც ქვის კიბე მაღლა, ფიზკულტურის კაბინეტისკენ ადის. თუ მასწავლებელი მარცხნიდან გივლის, მაშინ გრჩება მარჯვენა მხარე და სკოლის პირველი სართული შოთა რუსთაველის ყვითელი ბიუსტით, დაწყებითი კლასებით და იმის დიდი ალბათობით, რომ ან დარაჯს, ან სასწავლო ნაწილს გადაეყრები. დარაჯი პრობლემა არ არის, სასწავლო ნაწილი – კი...
მამალი ქალია, ჭაღარა, უკანდაუხეველი. იმ დღეს პარალელური კლასის ბიჭები დაინახა შატალოზე რომ მიდიოდნენ და ორასი მეტრი სდია სირბილით, ორი დაიჭირა, სამი გაექცა.
მაგრამ ახლა აქ არავინ გაიქცევა, აქ მარია და ზურიკო კი, როგორც ყოველთვის, ყბედობს.
– ეგეთი კინო, ძმაო, ვაბშე არ მინახავს.
– რაზეა? – ვეკითხები მე.
– იტალიელებზეა, უბანზეა, ძმაო, ძმაკაცობაზე, მაფიაზე...
– ვინ თამაშობენ? – სიგარეტს ქაჩავს მარი.
უკანა ეზოში ჩვენ გარდა არავინაა, მარტო დამტვრეული მერხები და სკამები ყრია.
– დე ნირო, ჩეზ პალმინტერი, ლილო ბრანტაკი, ფრენსის კაპრა, – ძალით წელავს და იტალიურს ამსგავსებს სიტყვებს ზურიკო და ისევ მარის უყურებს.
დათუნა თვალს მიკრავს, მეცინება. უეჭველი უფროსი ძველი ბიჭები ლაპარაკობდნენ ამ ფილმზე, ზურიკომ იქ მოისმინა ყველაფერი, მერე წავიდა, უყურა, გვარები დაიმახსოვრა და ახლა ჩვენ გვემარიაჟება, სულ ეგრე იცის.
– დე ნიროა მაფიოზი? – ვეკითხები მე.
– არა, რა მაფიოზი, ავტობუსის შოფერი და მამაა! – თხელ ნიკაპს ისრესს ზურიკო. – მაფიოზი სანია, მაგარი თესლი ტიპი.
– არ მაქვს ეგ კინო ნანახი, – ამბობს მარი.
– აუ, ძაან მაგარია და ყველაზე მაგარი მომენტი რომელია იცი? – ზურიკო ახლა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ აშკარად მარის უყვება. – ამ იტალიურ უბანში, სანის ბარში ბაიკერები მოვლენ, დიდთმიანი, წვერებიანი ტიპები, მოტოციკლეტებით. შევლენ ამ ბარში, დადგებიან სტოიკასთან და დასალევს მოითხოვენ. ბევრნი არიან, ერთი შვიდი თუ მეტი. ბარმენი უარზეა, ესეთ ჩაცმულებს ვერ დაგისხამთო. შედის სანი ბარში, რა ხდებაო? ლუდის დალევა გვინდა, მეტი არაფერიო,